მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
  • slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1

ინფორმაცია ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამის შესახებ

27 თებერვალი, 2019

ინფორმაცია ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამის შესახებ

გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 ნოემბრის N542 დადგენილებით და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის N01-61/ნ ბრძანებით სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა სსიპ წამლის სააგენტო.

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში.

,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-113 მუხლით და ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით რეგულირდება ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამის წესი, რაც გულისხმობს ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამის ტექსტის წინასწარ შეთანხმებას სსიპ წამლის სააგენტოსთან.

,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-113 მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, სსიპ წამლის სააგენტო ვალდებულია განახორციელოს ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამის მონიტორინგი კანონით დადგენილი პირობების დაცვის უზრუნველყოფის კუთხით.

იმ შემთხვევაში, თუ ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამირება განხორციელდა კანონმდებლობით განსაზღვრული წესების დარღვევით, სსიპ წამლის სააგენტო ვალდებულია ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 376 მუხლის შესაბამისად, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, როგორც რეკლამის დამკვეთის, ისე რეკლამის განმახორციელებელი პირის მიმართ, რაც სახდელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას 2000 ლარის ოდენობით.

დამატებით გაცნობებთ, რომ აკრძალულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული (პირველი ჯგუფისათვის მიკუთვნებული), მეორე ჯგუფისათვის მიკუთვნებული და საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამა. მესამე ჯგუფისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამა დასაშვებია მხოლოდ რეკლამის ტექსტის სააგენტოსთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე. ფარმცევტული პროდუქტის რეკლამის შეკვეთის შემთხვევაში, სავალდებულოა სსიპ წამლის სააგენტოში გადამოწმებულ იქნას ინფორმაცია ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე დაშვების შესახებ.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ ზემოაღნიშნული ინფორმაცია. სსიპ წამლის სააგენტო გამოთქვამს მზადყოფნას შემდგომი თანამშრომლობისათვის.

© 2019 სსიპ წამლის სააგენტო
Created by Artmedia